| foreignpress
უცხოურ პრესაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ სტატიას
ბეჭდავს. საქართველოს საკითხით Christian Science Monitor-ის
სარედაქციო საბჭო დაინტერესდა :
„მოსკოვს უნდა, რომ თავისი პატარა მეზობელი ქაოსის მაგალითად აქციოს. თუ
საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიულ რეფორმებს გააგრძელებს, ის
დაამტკიცებს, რომ მოსკოვი არასწორია.
ერთი წლის წინ რუსული ტანკები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის,
საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შემოიჭრნენ. ქართულ ჯარს მათი უკუგდება არ
შეეძლო. ისინი უკან მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის გამო გაბრუნდნენ.
დღესაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი არ მოქმედებს
საზავო შეთანხმების პირობების თანახმად. ორივე ქვეყანა, ომის პირველი
წლისთავის მიჯნაზე, საზღვრის გასწვრივ ჩადენილი აგრესიული ქმედებების
გამო, ერთმანეთს ბრალს სდებს.
მიხეილ სააკაშვილი, რუსეთის სამხრეთით მდებარე ამ პაწაწინა
ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც განათლება აშშ-ში აქვს მიღებული, ბუნებრივია
ნანობს, რომ მისმა ქვეყანამ ნატოში გაწევრიანება ვერ შესძლო, ხოლო მის
ჯარს, რუსეთის მუქარის ფონზე, ნამდვილად სჭირდება თავდაცვითი შეიარაღება
ობამას ადმინისტრაციისაგან.
მაგრამ საქართველოში ქრონიკული პოლიტიკური არეულობაა, რაც რუსეთს
ამ ქვეყნის საქმეებში ჩარევისკენ უბიძგებს. მოსკოვს უნდა, რომ საქართველო
დასავლეთზე ორიენტირებულ წარუმატებელ ქვეყნად იქცეს, რათა დანარჩენი
ყოფილი საბჭოთა ქვეყნები აკონტროლოს.
დემოკრატიის განმტკიცება თავდაცვის ის ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც შეიძლება სააკაშვილმა მიმართოს.
2003 წლის მშვიდობიანი "ვარდების რევოლუცია", რომელმაც სააკაშვილი
ხელისუფლებაში მოიყვანა, ჯერ კიდევ ველური ეკალ-ბარდია. საქართველო ჯერ
მხოლოდ "ნაწილობრივ თავისუფალ" სახელმწიფოთა რიგში ჩააყენეს და აშშ-ს
უფლებადაცვითმა ჯგუფმა Freedom House-მა ის რანგით დაბლა დასწია.
ნაციონალური არჩევნები შარშან ხარვეზებით ჩატარდა. 2007 წელს
ანტი-სამთავრობო საპროტესტო გამოსვლები ძალის გამოყენებით დაშალეს.
საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში პროგრესს მიაღწია, მაგრამ მისი
სასამართლოები ჯერ კიდევ შორს არიან დამოუკიდებლობისგან.
სააკაშვილის მთავარი მხარდამჭერები გადავიდნენ ოპოზიციის რიგებში,
რომელმაც აპრილიდან ყოველდღიური საპროტესტო ქუჩის აქციების გამართვა
დაიწყო. კრიტიკოსები პრეზიდენტს დიქტატორს ადარებენ და გასული ზაფხულის
კონფლიქტის მსვლელობისას მას წინდაუხედაობაში ადანაშაულებენ. ისინი მის
გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.
თუმცა ოპოზიცია თვითონაც მოუწესრიგებელია, არც ლიდერი ჰყავს და
არც პროგრამა აქვს. საპროტესტო გამოსვლები განილია და დემონსტრანტებმა
საზაფხულო პაუზა აიღეს.
20 ივლისს, ზუსტად აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის
ჩამოსვლის წინ, სააკაშვილმა მედიაში, საარჩევნო და სასამართლო სისტემებში
რეფორმების შესახებ განცხადება გააკეთა. საქართველოს ლიდერმა პირობა დადო,
რომ ხელისუფლების აღმასრულებელ და საპარლამენტო შტოებს შორის კონტროლისა
და ბალანსის უფრო ეფექტური სისტემა შეიქმნება - საკონსტიტუციო ცვლილება,
რომელიც ოპოზიციასთან ერთად მომზადდება.
მაგრამ საქართველოს პრეზიდენტსა და მის კრიტიკოსებს უზარმაზარი
უფსკრული აშორებს. როგორც ჩანს, ვერც ერთი მხარე ვერ აცნობიერებს, რომ
დემოკრატია ურთიერთდათმობასა და თანამშრომლობას ნიშნავს. არც ერთი არ
უშვებს დამარცხების და შემდეგ, გამარჯვებისთვის უკან დაბრუნების
შესაძლებლობას.
ამ ჩიხის გადაწყვეტის პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება,
მაგრამ, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, სააკაშვილს განსაკუთრებული
პასუხისმგებლობები აქვს. თავისი ვიზიტის დროს ბაიდენი ბევრ მინიშნებას
აკეთებდა და სააკაშვილის დაპირებულ რეფორმებთან დაკავშირებით აცხადებდა-
"ჩვენ მისგან ამ ვალდებულების ერთგულებას ველოდებით".
მართლაც, საქართველოს პრეზიდენტმა საქმეს ბოლომდე უნდა მისდიოს.
შიდა არეულობის გაგრძელება რუსეთს აგულიანებს. და როგორც ბაიდენმა
საქართველოს პარლამენტის წინაშე განაცხადა, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი
ორი სეპარატისტული პროვინციების საკითხს "სამხედრო გადაწყვეტის ვარიანტი"
არა აქვს.
"მხოლოდ მშვიდობიანი და წარმატებული საქართველო" მოიგებს ამ
პროვინციების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის გულს, დაიბრუნებს
მათ ნდობას, განაცხადა მან. მხოლოდ მნიშვნელოვნად განმტკიცებული
დემოკრატია შეაძლებინებს საქართველოს სტაბილიზებას, უცხოელ ინვესტორთა
დაბრუნებას და ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტის შექმნას.
გასული წელი სააკაშვილისთვის მკაცრი იყო, მაგრამ დემოკრატიის
მშენებლობის პროცესი უფრო მკაცრი იქნება. დემოკრატიული რეფორმების
გასხლვა, გაკაფვა, განაყოფიერება და მორწყვა მოთმინებით მუშაობას
მოითხოვს, მაგრამ ეს სამუშაო უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ "ვარდების
რევოლუცია" გაიფურჩქნოს |