 |
Opendemocracy
ალექსეი ლევინსონის სტატიას აქვეყნებს. ( foreignpress ) :"საზოგადოებრივი
აზრის გამოკითხვის შედეგებს თუ გავეცნობით, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ
საქართველოსთან შარშანდელ ომში რუსი პოლიტიკოსების საკვანძო მოტივი
პრეზიდენტ მედვედევთან დაკავშირებული ლიბერალური იმედების განადგურება
იყო" - მიაჩნია ალექსეი ლევინსონს "ლევადა ცენტრი"-დან
ამა თუ იმ მოვლენის წლისთავი ამ მოვლენის გახსენების დროა, რაც
შეეხება შარშან 8 აგვისტოს კავკასიაში დაწყებულ ომს, ჩვენ შესაძლოა მას
არა მხოლოდ მოგონებებში, არამედ რეალურადაც დავუბრუნდეთ. ახალი ომის
წარმოქმნის შესაძლებლობას ექსპერტები 50 და 80%-თაც კი ვარაუდობენ. იმ
დროისათვის, როდესაც ეს სტატია გამოქვეყნდება ჩვენ გვეცოდინება, გამართლდა
თუ არა მსგავსი პროგნოზები.
რუსეთის ფედერაციის რიგითი მოქალაქეების აზრი, კავკასიაში ამ
ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი არ გახლდათ, ომზე რომ აღარაფერი
ვთქვათ, მაგრამ რუსების მნიშვნელოვანი, ზოგჯერ კი დიდი ნაწილი ქვეყნის
ხელმძღვანელობის პოლიტიკურ კურსს ეთანხმება.
ახლახანს "ლევადა ცენტრი"-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ ასეთი
შედეგები აჩვენა: არც ექსპერტებს და არც "უბრალო ადამიანებს" არ მიაჩნიათ,
რომ რუსეთს ან საქართველოს ახლა ომი სჭირდება. ხალხი ერთი წლის წინ, ომის
დაწყებამდეც იგივეს ამბობდა, მაგრამ იმ ადამიანთა რაციონალური არგუმენტები
და ჯანსაღი მოსაზრებები, ვისაც ყველა მხარის სასიკეთოდ სიტუაციის
მშვიდობიანი მოგვარება სურდა, სხვა ტიპის ლოგიკამ გადაწონა. ამ ლოგიკის
გაგება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს მოვლენების
განვითარებას და არა ის, თუ რა "სჭირდება" ან "არ სჭირდება" ხალხს.
მებრძოლი მხარეების ლოგიკა
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის შიგნით
მხარდაჭერის მოსაპოვებლად "პატარა ძლევამოსილი ომი" სჭირდებოდა. ასევე,
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამხრეთ-ოსეთის ლიდერებიც თავიანთ ქმედებებში
მსგავსი მოტივებით ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ ამგვარი ვარაუდი ვერაფრით
ვერ ხსნის რუსული მხარის ქმედებას. არადა, ის რომ კონფლიქტი კავკასიის
ლოკალური ინციდენტიდან, ისეთ მოვლენად გადაიქცა, რომელმაც საერთაშორისო
პოლიტიკა შეცვალა - როგორც კავკასიის რეგიონში, ასევე თავად რუსეთშიც -
სწორედ მათი დამსახურებაა.
რუსეთის ხელმძღვანელობას ომი საკუთარი პოპულარობის
განმტკიცებისთვის არ სჭირდებოდა, 2008 წლის აგვისტოში ვლადიმერ პუტინის და
დიმიტრი მედვედევის პოპულარობის რეიტინგები ძალიან მაღალი იყო
(შესაბამისად, 80%-70%). წარმატებულმა ომმა მართლაც მოახდინა რუსეთის
საზოგადოების განწყობების და გრძნობების მობილიზება, მაგრამ რა იყო
მიზანი? ომის დასაწყებად ცხადი მიზეზი არ არსებობდა.
არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც ჩეჩნეთის მეორე, 1999 წლის
კამპანია ამ მოვლენებამდე უცნობ პუტინს საზოგადოების მხარდაჭერის
მოპოვებაში დაეხმარა. ჩვენს მიერ იმ დროს ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს,
რომ ეს თეორია, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს, სინამდვილეს არ
შეეფერება, თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, პუტინს საქართველოსთან 2008 წლის
ომი არ სჭირდებოდა, რადგან ის არანაირ არჩევნებში არ მონაწილობდა. რაც
შეეხება მედვედევს, ის ამ დროს უკვე პრეზიდენტი იყო და მისი
წინამორბედისგან განსხვავებით რუსების აბსოლუტური მხარდაჭერით სარგებლობდა
(2008 წლის მაისში 70%), მიუხედავად იმისა, რომ ამ მხარდაჭერის
დამსახურებისთვის მას დრო არ ჰქონია.
იმ ომს, როგორც ყველა საზოგადოებრივ მოვლენას, ბევრი მიზეზი
ჰქონდა. ერთი წელი გავიდა და ომის მთავარ მიზეზებად ადამიანებს
საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკა (35%) და რუსეთისა და საქართველოს
დაპირისპირებისკენ აშშ-ს სწრაფვა მიაჩნიათ (34%), მაგრამ ახლა ჩუმად კიდევ
ერთი თეორიის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ამ მოვლენებს და
საზოგადოებრივი აზრის რეაქციას აკავშირებს.
ლიბერალურ იმედებთან გამკლავება
ომამადე დიდი ხნით ადრე, როდესაც მედვედევის და სერგეი ივანოვის
სახელებს სერიოზულ რეკლამას უწევდნენ და საზოგადოებას პუტინის შესაძლო
მემკვიდრეებად წარუდგენდნენ, ჩვენს გამოკითხვებში ასეთი რამ გამოიკვეთა:
მართალია, ორივე პრეტენდენტს მხარდამჭერთა თანაბარი რაოდენობა გააჩნდა,
თუმცა ეს მხარდამჭერები სხვადასხვა ბანაკებს ეკუთვნოდნენ. რუსული
პოლიტიკური ტრადიციის თანახმად, უმაღლეს ხელისუფლებას (რომელსაც მაშინ
ვლადიმერ პუტინი წარმოადგენდა) მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ხასიათი არ
გააჩნია. ის შეიძლება იყოს ავტორიტარული ან ლიბერალური. შეიძლება
პრო-დასავლური ან ანტი-დასავლური ჟესტების დემონსტრირებას ახდენდეს.
რუსეთში თითქმის თანაბრად იყოფა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაგან
ნაწილს მიაჩნია, რომ თავისი პრეზიდენტობის წლებში პუტინმა "ქვეყანაში
დემოკრატია და პოლიტიკური თავისუფლებები" დაიცვა და ნაწილი აბსოლუტურად
საპირისპიროს ფიქრობს. უცვლელი მხოლოდ ის არის, რომ ხელისუფლება რუსეთში
ორი პარტიისგან შედგება, რომლებიც საკუთარ თავს ამ ორი ვექტორიდან
ერთ-ერთთან აიგივებენ.
მედვედევსა და ივანოვს შორის არჩევანის გაკეთების დროს,
საზოგადოებას ხელისუფლებაში ამ ორი ვექტორის წარმომადგენელთა ხილვა სურდა.
ითვლებოდა, რომ მედვედევი ლიბერალიზმისკენაა მიდრეკილი, თუმცა ჯერ-ჯერობით
ლიბერალური განვითარების გზისადმი თავისი ერთგულება მას ჯერ არ
გამოუხატავს. მისი მხრიდან მსგავსი მიმართულებით გამოხატული ნებისმიერი
სიგნალის კომპენსირება საპირისპირო მიმართულების სიგნალებით ხდებოდა,
მაგრამ მისი არჩევის შემდეგ, პოლიტიკური დიქოტომია პრემიერ-მინისტრის და
პრეზიდენტის სახით ახალ დუეტად გადაიქცა. ირიბი მაჩვენებლები იმის შესახებ
გვამცნობენ, რომ ელიტის გარკვეულმა ნაწილმა მედვედევში ლიბერალური
ტენდენციები დაინახა.
რუსული ბიზნესის ამ ნაწილის პოზიციის იგნორირება, რომლებმაც
პოლიტიკური ლიბერალიზაციისადმი თავიანთი დაინტერესება გამოხატეს, შეიძლება
რადგან მათ საკუთარი ინტერესების დაცვა არ შეუძლიათ, მაგრამ როგორც ჩვენი
ზოგიერთი რესპონდენტი მიიჩნევს, "პუტინის პოლიტიკიდან" წარმოსახვითი
"მედვედევის პოლიტიკის" მიმართულებას (რომელიც ალტერნატივად აღიქმებოდა!)
2008 წელს ზოგიერთი ისეთი ადამიანი გაჰყვა, რომლებიც არა მხოლოდ კაპიტალს,
არამედ პოლიტიკურ რესურსებსაც ფლობენ. ლიბერალური პოლიტიკის მომხრეებს
შეიძლება არსებითი საერთაშორისო მხარდაჭერის იმედიც ჰქონოდათ. ჩვენი
რესპონდენტების თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას რეალურად
მართავენ, მკაცრი გადაწყვეტილება მიიღეს. მათ, ვინც იმედებს ამგვარ
მიმართულებაზე ამყარებდა, მკაფიო სიგნალი უნდა მიეღოთ: მედვედევი არ არის
პუტინის ალტერნატივა და მას არანაირი განსხვავებული პოლიტიკა არ
შემოუთავაზებია.
ლიბერალური იმედების გარდაცვალება
შედეგი დრამატული აღმოჩნდა. 2007 წლის მაისში რუსეთის მოქალაქეების
17%-ს მიაჩნდა, რომ პუტინის მემკვიდრე "პოლიტიკურ კურსს თანდათან
შეცვლიდა," 5% კი ფიქრობდა, რომ ის "აბსოლუტურად ახალ პოლიტიკას"
გაატარებდა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ამგვარ მოსაზრებას
იზიარებს გამოკითხულთა შესაბამისად 7 და 2%.
დღეს ხალხის აზრი არ შეცვლილა. გაკვეთილი მიღებულია. ის ვინც
"დათბობას" ელოდებოდა, გაიგო რომ მოცდა მოუწევს. მედვედევმა არ გაამართლა
მათი იმედები, ვინც მასში ლიბერალის და დემოკრატის დანახვაზე ოცნებობდა და
ისეთ გზას დაადგა (შესაძლოა მისი ნების საწინააღმდეგოდ, რამაც ეს გზა
კიდევ უფრო ეფექტური გახადა), რომლისკენაც სვლა რუს ლიდერებს მას შემდეგ
არ უცდიათ, რაც საბჭოთა ჯარები ჩეხოსლოვაკიასა და ავღანეთში შევიდნენ. იმ
პრეცედენტებმა აჩვენა, რომ დასავლეთის მხრიდან საპასუხო სამხედრო დარტყმის
საფრთხე არ არსებობს, ამიტომ შიშის საფუძველიც არ არის. მოგვიანებით,
მსოფლიო თანამეგობრობის აზრის აშკარა უგულებელყოფით, სამხრეთ-ოსეთის და
აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობამ, სიტუაცია შეუქცევადი გახადა.
დასავლეთის აზრის უგულებელყოფით მიღებული დივიდენდები
როდესაც პრეზიდენტი გორბაჩოვი იყო, რუსი პოლიტიკოსები დასავლეთის
აზრს უზარმაზარ ყურადღებას უთმობდნენ. ელცინის პერიოდში ვლადიმერ
ჟირინოვსკიმ რუსეთის პოლიტიკურ არენაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა.
თავისი მრავალრიცხოვანი გამოსვლებით მან აჩვენა, რომ რუსეთს დასავლურ
აზრთან დაპირისპირება ისე შეუძლია, რომ ამისთვის არ დაისჯება. მეტიც,
ასეთი პოზიციით პოლიტიკოსი გარკვეულ დივიდენდებსაც აგროვებს და ხალხის
მხრიდან მოწონებასაც იმსახურებს.
პუტინის მმართველობის წლებში, პოლიტიკურმა ელიტამ და საზოგადოებამ
ერთი ასეთი გაკვეთილი აითვისა. აბსოლუტურად აცნობიერებდნენ რა იმას, თუ რა
მიაჩნდა მსოფლიოს სწორად და რა - არა, რუსები მზად იყვნენ უპირატესობა
მეორესთვის (ყოველ შემთხვევაში ზეპირ გამოსვლებში) მიენიჭებინათ.
მასობრივმა ცნობიერებამ ის პოზიცია, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობამ ომის
შემდეგ დაიკავა, ჯერ კიდევ მანამდე "გადახარშა." 2005 წელს რუსების 27%-ს
მიაჩნდა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები უნდა
გამხდარიყვნენ. კიდევ უფრო მეტი (36%) აცხადებდა, რომ ისინი რუსეთის
შემადგენლობაში უნდა შესულიყვნენ და მხოლოდ 15%-ს მიაჩნდა, რომ რეგიონები
საქართველოს კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდნენ. ომამდე ცოტა ხნით ადრე,
2008 წლის მარტში, პროცენტული მაჩვენებლები არ შეცვლილა: 26% -
დამოუკიდებლობის, 33% - რუსეთთან მიერთების მომხრეა, მაგრამ მათი რიცხვი,
ვისაც მიაჩნდა, რომ სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს უნდა
დაბრუნებოდნენ, 11%-მდე შემცირდა. (გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა,
რომელსაც პასუხის გაცემა უჭირდა).
პოლიტიკოსები და საზოგადოება დასავლეთის რეაქციიის თემაზეც
შეთანხმდნენ. ხუთდღიანი ომის დასრულების შემდეგ, ჩვენ ჩავატარეთ
გამოკითხვა და შემდეგი კითხვა დავსვით - "მიგაჩნიათ თუ არა რომ ის
სანქციები, რომლებითაც დასავლეთი რუსეთს ემუქრება იმ პოლიტიკის პასუხად,
რომელიც ამ უკანასკნელმა საქართველოს მიმართ განახორციელა, რუსეთზე
მოახდენს თუ არა სერიოზულ გავლენას?" 30%-მა კითხვას დადებითად უპასუხა,
53%-მა კი უარყოფითად.
მონაცემები იმ გამოკითხვებს ასახავს, რომელსაც "ლევადა ცენტრი"
რეგულარულად ატარებს რუსეთის ფედერაციის 1 600 მცხოვრებთან, რომელთა
ასაკია - 18 წელი და ზემოთ." |