iTV ტელევიზია
ძებნა
Advertise
Login form
ნავიგაცია
სიახლეები [35]
პოლიტიკა [32]
საზოგადოება [16]
ეკონომიკა [5]
რეგიონები [3]
ტოქშოუ [0]
ახალი ამბები [27]
ჩვენებურები [2]
Advertise



TV არხები
საათი
Advertise

ვალუტა
ამინდი
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მებობრები


მთვლელი
საიტზე არიან


free counters





მთავარი » 2009 » აგვისტო » 17 » 2009-08-17 13:10 - რუსულ-ქართული ომი: შეუსრულებელი მისია
17:23
2009-08-17 13:10 - რუსულ-ქართული ომი: შეუსრულებელი მისია

2009-08-17 13:10 - რუსულ-ქართული ომი: შეუსრულებელი მისია

nodia გია ნოდიას სტატიას Opendemocracy აქვეყნებს. ( foreignpress ) „რუსულ-ქართული 2008 წლის აგვისტოს ომის რეალური შედეგები შესაძლოა იმ გამაოგნებელ კონტრასტში მდგომარეობს, თუ რას გრძნობდა და ფიქრობდა ხალხი ომის მსვლელობისას, ან მის შემდეგ: კერძოდ კი იმაში, რომ ომს არც რეგიონში და არც გლობალურად დრამატული ცვლილები არ მოყოლია. მაგრამ ამავე დროს, სწორედ ეს ფაქტი იძლევა შეშფოთების საფუძველს: ეს იმის ნიშანია, რომ მიზნები, რისთვისაც ომი მოხდა, მიღწეული არ არის და შედეგად ორთაბრძოლის ახალი რაუნდის საფრთხე ისევ არსებობს.

ეს ფაქტი ამ ბოლო დროს განვითარებული ბევრი მოვლენისა და ტენდენციის ახსნაში გვეხმარება: რატომ განიხილავდნენ ანალიტიკოსები (რუსები, ქართველები, უცხოელები) 2009 წლის დასაწყისსა და შუა პერიოდში ომის განახლების საფრთხეს; რატომ იქცა რუსულ-ქართული ურთიერთობანი დიმიტრი მედვედევისა და ბარაკ ობამას 2009 წლის 6 ივლისის შეხვედრის თვალსაჩინო თემად; რატომ მოხდა ისე, რომ ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად, აგვისტოს დასაწყისში სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე მომხდარმა, საიდუმლოებით მოცულმა შეიარაღებულმა შეტაკებებმა პრეზიდენტ ობამას თავის რუს კოლეგასთან დარეკვა აიძულა, რათა ერთ რამეში დარწმუნებულიყო - ეს კიდევ ერთი რუსული შემოჭრის დასაწყისს არ წარმოადგენდა.

მაგრამ ამავე დროს ომმა ბუნებრივად იქონია რეალური გავლენა და განსხვავებული სურათიც შექმნა. სწორედ ამიტომაა სიტუაციის კრიტიკული ანალიზი მნიშვნელოვანი. ივან კრასტევი და დონალდ რეიფილდი იმათ შორის არიან, რომლებმაც მსგავსი ანალიზი ომის წლისთავის მოახლოებასთან openDemocracy-ში უკვე წამოიწყეს, მაგრამ ჩემი აქცენტები და დასკვნები რამდენადმე განსხვავებული იქნება.

ორაზროვანი კონტექსტი

მნიშვნელოვანი და შესაძლოა ყველაზე გრძელვადიანი შედეგი 2008 წლის აგვისტოს ომისა საქართველოს სეპარატისტულ პროვინციებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უკავშირდება. ეს პროვინციები თბილისის კონტროლს მიღმა უკვე 1990-იანი წლების დასაწყისის კონფლიქტების შემდეგ აღმოჩნდნენ. ომამდე რუსეთი ფორმალურად ამ პროვინციებს საქართველოს ნაწილად აღიარებდა და აქ მთავარი სამშვიდობო ძალის სამსახურს სწევდა. რეალურად, კი რუსეთი სეპარატისტული რეჟიმების მმართველი და ერთადერთი პროტექტორი იყო.

როდესაც დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების იდეისკენ იწყო სვლა, რაც 2008 წლის 17 თებერვლის დეკლარაციამ რეალობად აქცია კიდეც, რუსეთის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ამ ნაბიჯს თავისსავე სამეზობლოში მსგავსი ქმედებით უპასუხებდნენ. საქართველოს მთავრობა რუსეთს, როგორც მიუკერძოებელ მშვიდობისმყოფელს არ ენდობოდა და ცდილობდა ის საერთაშორისო ძალებით შეეცვალა, მაგრამ გარკვეული დროით ის დასავლეთის რჩევას დაყვა - ფორმალურად დათანხმებოდა რუსეთზე დაკისრებულ როლს და სიტუაციის დესტაბილიზაციას მორიდებოდა.

თუ ზუსტი ტერიტორიული ტერმინებით ვილაპარაკებთ, რუსულ-აფხაზური და რუსულ-ოსური კონტროლი სრული არ იყო. საქართველო აფხაზეთის ფარგლებში ჯერ კიდევ აკონტროლებდა მთიანი კოდორის ხეობას, რომელსაც ახალი დაპირისპირების შემთხვევაში სტრატეგიული ფორპოსტის ფუნქციის შესრულება შეეძლო. პრო-ქართული ხელისუფლება მართავდა ძირითადად ქართველებით დასახლებულ ანკლავს სამხრეთ ოსეთში და აგრეთვე იმ მთავარ გზასაც, რომელიც რეგიონის დედაქალაქს ცხინვალს და რუსეთის საზღვარს აკავშირებდა. კონსოლიდაციის ეს დეფიციტი სეპარატისტული ადმინისტრაციისთვის საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტორი იყო.

შედეგად ორი სადავო სივრცე ერთიანად ორაზროვანი და არასტაბილური სიტუაციის ნაწილს წარმოადგენდა. მმართველები სოხუმში და ცხინვალში შფოთავდნენ, რადგან ქართული ანკლავების არსებობა მათ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განცდას არ უტოვებდა. მაგრამ იგივე ანკლავები ქართულ მხარესაც მოწყვლადს ხდიდა - მთავრობა თბილისში შიშობდა, რომ სამხედრო ქმედება ერთი ან ორივე ტერიტორიის წინააღმდეგ, ახალი ომის გამომწვევ მიზეზად შეიძლება ქცეულიყო (რაც რეალურად მოხდა კიდეც).

ორაზროვნების კიდევ ერთი დონე ამ ორივე ასპექტის ერთობლიობას ასახავდა - საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნაწილების კონტროლი და ის ფაქტი, რომ რუსეთი ფორმალურად მაინც ორივე რეგიონს საქართველოს კუთვნილებად აღიარებდა. სწორედ ამან შეუქმნა თბილისს იმის ილუზია (რასაც საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილიც იზიარებდა), რომ თვალსაწიერ მომავალში კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში გარკვეული პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა. 2008 წლის იანვარ-მაისში, საქართველოში ორმაგი არჩევნები ჩატარდა (საპრეზიდენტო და საპარლემენტო). მიხეილ სააკაშვილი თავის ხმაურიან წინაასრჩევნო კამპანიაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების დასრულების პირობას იძლეოდა. როგორც აღმოჩნდა, ილუზიებიცა და მსგავსი რიტორიკაც სააკაშვილის მთავრობის მნიშვნელოვანი შეცდომა იყო, რადგან ნაწილობრივ სწორედ ამან მისცა რუსეთს საშუალება ისეთი შთაბეჭდილების კულტივირებისა, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებაში პასუხისმგებლობა სწორედ ქართულ მთავრობას ეკისრებოდა.

ოცნება და სინამდვილე

ომმა ეს ორაზროვნება მოხსნა. ქართული ანკლავები აღარ არსებობს; ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანები (26,000 ) ახლა ნაჩქარევად აშენებულ დასახლებაში, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე დაწესებულია სამხედრო კონროლი (მათ შორის ახალგორის რაიონზეც, რომელიც ძირითადად ქართველებით იყო დასახლებული და რომელიც ომამდე ქართველების მიერ იმართებოდა და არასდროს ქცეულა კონფლქიტის საგნად). სეპარატისტულმა მთავრობებს ახლა უკვე შეუძლიათ თავი დაცულად იგრძნონ, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსგან მაინც.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა (იგივე დღემდე მხოლოდ ნიკარაგუამ გააკეთა). ორ ახალ სახელმწიფოსთან დადებულ ხელშეკრულებათა სერიამ ამ რეგიონების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს გადასცა; რუსეთმა ვეტო დაადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშოების საბჭოს რეზოლუციას, რამაც შედეგად იქიდან გაეროსა და ეუთოს მეთვალყურეების გამოსვლა გამოიღო. ფაქტობრივად ახლა აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული სატელიტები არიან და ეს სტატუსი 2009 წლის 12 აგვისტოს, აფხაზეთში რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტმაც და აფხაზეთისთვის მის მიერ გაცხადებულმა $480 მილიონის ოდენობის სამხედრო ინვესტიციებმაც დაადასტურა.

ომამდეც კი ეს ტერიტორიები სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული ფორპოსტის როლს ასრულებდნენ, რეალობა, რომელსაც გარკვეულ დონემდე რუსეთის სამშვიდობო სტატუსი და საერთაშორისო მეთვალყურეების არსებობა ნიღბავდა. ახლა ყველაფერი აშკარა და ფორმალიზებულია და რუსეთს ორივე რეგიონში საკუთარი სამხედრო ძალის გაზრდა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლია. რუსეთის ყველაზე თვალსაჩინო მონაპოვარი ომით სწორედ ამაში მდგომარეობს. თუ ზუსტად როგორ გამოიყენებს ის ამ კაპიტალს, ეს უკვე ცალკე საკითხია.

თვალსაზრისი, რომელსაც ხშირად ვისმენთ ომის შედეგებთან დაკავშირებით ასეთია - საქართველოს იმედი, დაებრუნებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაცამტვერდა: ორივე ტერიტორია სამუდამუდ დაიკარგა. (ჯორჯ ჰუიტი: "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ერთი წლის შემდეგ" 12 აგვისტო, 2009). მართლაც ომი საზარელი ჰუმანიტარული კატასტროფის მიზეზი გახდა, ხოლო ქართული ანკლავების დაკარგვა, უდიდესი ფსიქოლოგიურ ტრავმას წარმოადგენს. მაგრამ მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ საქართველომ უფრო ილუზიები დაკარგა, ვიდრე ტერიტორიები, ან სამხედრო კონტროლი.

რუსეთს ყოველთვის მიაჩნდა, რომ საქართველო კონფლიქტის გადასაწყვეტად, საკუთარი ძალებით მცირეოდენის, ან საერთოდ ვერაფრის გაკეთებას მოახერხებდა, თუმცა ამის განცხადება ხმამაღლა რთული იყო. საქართველომ ომით მეტი გარკვეულობა შეიძინა. ამ თვალსაზრისით, ომის მთავარი შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გამოიკვეთა უფრო თვალნათელი გამყოფი ხაზი მხარეებს შორის, რამაც ორივე კონფლიქტი კვიპროსის მოდელს უფრო დაამსგავსა. ქართული ანკლავების განადგურების შემდეგ თბილისის მთავრობას აღარ ექნება სერიოზულად საქმე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. არადა, ომმადე ქართული ანკლავების დაცვა ერთდროულად პატრიოტული ვალი, სტრატეგიული იმპერატივი, რესურსების გადინების სერიოზული წყარო (ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური რესურსების) და მუდმივი არასტაბილურობის მიზეზი იყო.

ამავე დროს, საქართველოს მოსახლეობაცა და მთავრობაც ინარჩუნებს თავის ვალდებულებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც საქართველოს მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას მისაღებად განიხილავდა, ომს არ შეუცვლია: მათი რაოდენობა, დაახლოებით 2%-4%-ს შორის მერყეობს. საერთაშორისო საზოგადოების განწყობა კიდევ უფრო განმტკიცდა: ყველა მთავარმა სახელმწიფომ განაცხადა, არ სცნობს რუსეთის სატელიტების დამოუკიდებლობას. ამ თვალსაზრისით, "ქართული ოცნება" ხელუხლებელი დარჩა, თუმცა დიდწილად მაინც ოცნებად. თუ რამე შეიცვალა ისაა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი, როგორც ასეთი, პრაქტიკულად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიიდან ამოღებულ იქნა: ეს საკითხები რუსეთთან ურთიერთობის ნაწილად იქცა. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, შეშფოთების უმთავრესი პრობლემა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაა.

თბილისის რეაქცია

ანალიტიკოსთა უმეტესობის აზრით, რუსული ინტერვენციის მთავარი მიზეზი, სამხრეთით მისი ძალაუფლების აღდგენა იყო. მოსკოვს ორივესთვის, თავისი ყოფილი სატელიტებისთვისაც და დასავლეთისთვისაც ერთი რამის შეტყობინება უნდოდა: რუსეთის ძლევამოსილება დაბრუნდა; ის ყოფილი კოლონიები, რომლებიც წესიერად არ მოიქცევიან, დაისჯებიან; ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა ახალი ძლევამოსილებით შემოსილ რუსეთს ისეთი პატივი უნდა მიაგონ, როგორსაც ის იმსახურებს.

ამ თვალსაზრისით, ომი შედეგები სრულიად დაუსრულებელია. იმის გამო, რომ რუსეთის მიერ მისი უკიდეგანო ძალის გამოყენება შეზღუდული იყო, მან საკუთარი მიზნებიდან ვერც ერთს ვერ მიაღწია. მაგრამ სწორედ ეს მარცხი და ის ფაქტი, რომ სამხედრო ქმედებებისთვის რუსეთმა ასე მცირედი საფასური გაიღო, ერთ შესაძლებლობას აჩენს - მან რეგიონში შეიძლება კიდევ გადადგას აგრესიული ნაბიჯები.

რუსეთის მარცხის ყველაზე თვალნათელი ინდიკატორი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად რჩება. საბჭოთა კავშირის ყოფილ საზღვრებში გავლენის სფეროს ჩამოყალიბების რუსეთის ძალისხმევისთვის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს საქართველოს ნატოში და ევროპის კავშირში გაწევრიანების სურვილი ქმნიდა; რეჟიმის ცვლილებას საქართველოში ამ პრობლემის გადაწყვეტა შეეძლო. ჯერ კიდევ ბოლომდე ცნობილი არ არის, რატომ არ დაასრულა რუსეთმა დაწყებული საქმე, რამ შეაჩერა ის, ნიკოლა სარკოზის ჩარევამ, იმან, რომ ჯორჯ ბუშმა შავ ზღვაში თავისი სამხედრო ხომალდები გამოაგზავნა, თუ კიდევ რაიმემ სხვამ? შესაძლოა იმის გათვლამ, რომ თბილისის ოკუპაცია და მთელი საქართველოს კონტროლი ზედმეტად დიდ არეულობას გამოიწვევდა, მაშინ, როდესაც სააკაშვილის მარცხისა და დამცირების მასშტაბი საკმარისი იქნებოდა საიმისოდ, რომ ქართველებს საკუთარი ძალით იძულებელეყოთ ის ხელისფულებაზე უარი ეთქვა ("რუსული ომი და ქართული დემოკრატია", 22 აგვისტო, 2008).

თუ მოსკოვი ამას იმედოვნებდა, მისი იმედი ვერ განხორციელდა. საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები რუსეთის საფრთხის გამო არ დაიშალა. მთავრობამ ომით შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი ეფექტურობა გამოავლინა; ზამთრის პირას, ახლად გაჩენილი, იძულებით გადაადგილებული ადამიანები, რომლებიც ვერ უბრუნდებოდნენ მშობლიურ სოფლებს, დააბინავეს. ეკონომიკამ იზარალა, მაგრამ, მოქნილობა გამოავლინა - რა თქმა, უნდა შეერთებული შტატებისა და ევროპის დახმარების პაკეტებმაც ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანეს.

2009 წლის გაზაფხულზე, ქართულმა ოპოზიციამ პოლიტიკური შეტევა დაიწყო - ძირითადად ეს საპროტესტო გამოსვლების მეშვეობით ხორციელდებოდა. ამ გამოსვლებზე პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ და ნაკლების მიღებაზე უარს აცხადებდნენ. ოპოზიციამ ძალა ერთ რწმენაში ჰპოვა - ომის შედეგები და ადმინისტრაციის ცვლილება ვაშინგტონში (ბევრს მიაჩნდა, რომ სააკაშვილი ჯორჯ ბუშზე იყო დამოკიდებული) სააკაშვილს ისე დაასუსტებდა, რომ ის შიდა ზეწოლას დანებდებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს მოლოდინიც არასწორი იყო (რობერტ პარსონსი: "საქართველო: სოციალური უფსკრული, პოლიტიკური ხიდი" 21 ივლისი, 2009).

ქართველთა უმეტესობა ომის პროვოცირებაში ბრალს უფრო რუსეთს სდებს, ვიდრე საკუთარ მთავრობას, ხოლო გახლეჩილმა და არათანმიმდევრულმა ოპოზიციამ, რომელმაც ვერ შესძლო რაიმე კონსტრუქციული იდეის შეთავაზება, მათზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ქუჩის საპროტესტო გამოსვლები დიდი, მაგრამ უზარმაზარი არ ყოფილა, ხოლო დასავლეთი ოპოზიციის ზღვარგადასული რადიკალიზმისა და უმწიფრობის გამო პროცესისადმი გაუცხოებული დარჩა.

საერთაშორისო საზოგადოებისადმი საჯარო ინტელეტქუალებისა და პოლიტიკოსების არაერთმა მიმართვამ, რომელთანაგანაც ზოგიერთი openDemocracy-მაც გამოქვეყნა (თედო ჯაფარიძე: "ქართული ცარცის წრე: ღია წერილი დასავლეთს" [12 მაისი, 2009] და ნინო ბურჯანაძის"ქართული მიმართვა: ღია წერილი დასავლეთს" [12 ივნისი, 2009], გაურკვეველი ეფექტი იქონია). ომიდან ერთი წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციებს და რუსეთისადმი ისეთივე დაუმორჩილებალია, როგორც ყოველთვის.

გზა არსაითკენ

არსებობს კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება იმისა, რომ იმას, რაც რუსეთს 2008 წლის ომით ჰქონდა განზრახული და რასაც მიაღწია, ბევრი რამ აშორებს. ასეთი 7 სულ ინდიკატორია.

პირველი, ხშირად ამბობენ, რომ ომმა ჩაშალა საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიციები და ეს შეიძლება რუსების წარმატებად ჩაითვალოს. ეს მოსაზრება რაღაც თავალსაზირისით სიმართლეს შეესაბამება (ცხადია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ახლა უფრო ცუდი გარემოა), მაგრამ ეს მოსაზრება გაზვიადებასაც შეიცავს. ნატოში სწრაფი გაწევრიანებისადმი ქართველთა სწრაფვა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე უკვე უარყოფილ იქნა. სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე (თუმცა განცხადებული იყო, რომ ერთხელაც, როდესაც "საქართველო მზად" იქნება, ის ნატოში გაწევრიანდება) - იმას ნიშნავდა, რომ პროექტი გრძელვადიან პერსპექტივად იქცა, თუმცა სრულიად უიმედოდ - არა. ასე რომ, ეს ვითარება ომს არ შეუცვლია.

მეორე, აშშ-საქართველოს "სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია", რომელსაც ხელი 2009 წლის იანვარში მოეწერა და რომელიც ბუშის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ბოლო დიპლომატიური პროექტი იყო, სწორედ ომის შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ. როგორ ჩანს, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ფიქრობს, თუ რას ნიშნავს პრაქტიკაში საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა, მაშინ, როდესაც საქართველო, ცხადია, რაც შეიძლება უფრო ახლო კავშირების დამყარების მოსურნეა. 2009 წლის 22-23 ივლისს თბილისში ვიზიტის დროს ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამოხატულმა მტკიცე სიტყვიერმა მხარდაჭერამ საქართველოსადმი და რუსეთის კრიტიკამ, სულ ცოტა რიტორიკაში მაინც დაადასტურა აშშ-ს ურყევი თანადგომა და რუსეთი პრეტენზიების უარყოფა.

მესამე, რუსეთის სამეზობლო ომმა, ისე როგორც ამას რუსეთი ელოდა, არ შეაშინა. მართალია, თავიდან მსგავსი ეფექტი რუსეთის სამეზობლოში მდებარე ზოგიერთი ქვეყანაში თითქოს მიღწეულ იქნა, მაგალითად 2009 წლის თებერვალში ყირგიზეთის მთავრობამ მანასში განთავსებული აშშ-ს სამხედრო ბაზის ევაკუაციის განკარგულება გასცა, მაგრამ ივნისში ახლად რატიფიცირებული შეთანხმებით აშშ-ს არმიამ მანასის აეროპორტში დარჩენისა და იქ სატრანზიტო ცენტრის დაფუძნების ნებართვა მიიღო.

უფრო მეტიც, რუსეთის ტრადიციული მოკავშირეებიც კი შედრკნენ. პროგნოზირებდნენ, რომ ბელორუსია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მალე სცნობდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა; ბელორუსიის მმართველი, ალექსანდრე ლუკაშენკო, დასავლეთთან უკეთესი ურთიერთობების კულტივირებით, სულ უფრო მეტად ცდილობს დააბალანსოს თავისი ურთიერთობები რუსეთთან. სომხეთმა, მოკოვის ყველაზე ლოიალურმა მოკავშირემ კავკასიაში, სააკაშვილის ერევანში ვიზიტისას, ის ქვეყნის საპატიო მედლით დააჯილდოვა ისე, თითქოს მოსკოვს განზრახ გაუგზავნა შეტყობინება. მოსკოვის მცდელობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, რუსეთის დომინირებით მოქმედი, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისგან შემდგარი ალიანსის შეიარაღებული ძალები შეექმნა, ბელორუსისა და უზბეკეთის წინააღმდეგობას წააწყდა.

მეოთხე, მოსალოდნელი იყო, რომ ნაბუკოს მილსადენი, რომლის მეშვეობითაც კასპიის ზღვის ნავთობი საქართველოს გავლით პირდაპირ მიეწოდება ევროპას (და არ გადაკვეთს რუსეთის რომელიმე ტერიტორიას), აგვისტოს ომს ემსხვერპლებოდა. მოსკოვი მართლაც ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა აზერბაიჯანსა და თურქმენეთზე, რათა მათ ნაბუკოსთან თანამშრომლობაზე უარი ეთქვათ, რაც მართლაც მოკლავდა პროექტს. ეს მცდელობა მარცხით დასრულდა: აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა (მიუხედავად იმისა, რომ მათ ნავთობსაბადოებთან დაკავშირებით უთანხმოება აქვთ), უპირატესობა ევროპასთან თანამშრომლობას მიანიჭეს და შეთანხმებას ხელი 2009 წლის 13 ივლისს მოეწერა.

მეხუთე, ევროპის კავშირი და შეერთებულ შტატები 2008 წლის აგვისტოს დაბომბვებსა და ინტერვენციაზე სუსტი რეაქციის გამო გააკრიტიკეს. მართალია, ევროკავშირისა და რუსეთის, ნატო-რუსეთის თანამშრომლობა ომის საპასუხოდ შეჩერებულ იქნა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არ ასრულებს ექვსპუნქტიანი შეთანხმების პირობებს, თანამშრომლობა ორივესთან მალევე აღსდგა. ასევე აშშ-ს მიერ რუსეთთან ურთიერთობების "გადატვირთვის" სურვილი შეიძლება გავიგოთ ისე, რომ რუსეთ იოლად გადაურჩა თავის სამხედო ავანტიურას. გინდაც ასე იყოს: დასავლეთს არც იმის ძალა შესწევს, რომ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარი ათქმევინონ და არც იმის, რომ მათზე სამხედრო კონტროლი მოახსნევინოს. მაგრამ, თუ რუსეთის რეალური მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ დასავლეთი იძულებელეყო მისი "განსაკუთრებული ინტერესებისათვის" ახლო სამეზობლოში (რეალურად კი გავლენის ცალკე არსებული სივრცისთვის) პატივი ეცა, მან ამას ვერ მიაღწია.

მეექვსე, ევროპის კავშირის მიერ ექვს პოსტ-საბჭოთა ქვეყანასთან აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის დაწყება და ნაბუკოს პროექტის დაჩქარება, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ევროკავშირის პასუხი რუსეთის საომარი ძალისხევისადმი. ორივე ამ პროექტმა რუსეთი აღაშფოთა. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა ჯერ კიდევ ბუნდოვანი იდეაა, ის სრულიად ცხადად მიანიშნებს, რომ კავშირი არ აღიარებს რუსეთის სამეზობლოზე მოსკოვის მიერ ექსკლუზიური გავლენის სფეროს არსებობას.

მეშვიდე, თურქეთის მზარდი ამბიციები აგვისტოს ომის თანმდევი პროდუქტია. ომის დამთავრებისთანავე ანკარამ იმის შესაძლებლობა დაინახა, რომ მოსკოვისთვის "სტაბილურობისა და თანამშრომლობის" ერთობლივი პლატფორმის შექმნა შეეთავაზებინა. უფრო აქტიური პოლიტიკა კავკასიაში ზუსტად მოვიდოდა შესაბამისობაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჰმედ დავითოგლუს მიერ მხარდაჭერილ "მულტიგანზომილებიან" საგარეო პოლიტიკასთან. ამ ინიციატივამ რუსეთთან დიდ პროგრესს ვერ მიაღწია, მაგრამ თურქეთი სომხეთთან ურთიერთობებში ცდილობდა წინსვლას. ამ მიმართულებით განხორციელებული ნებისმიერი პროგრესი, რეგიონში რეალურ ცვლილებებს მოიტანდა, მაგრამ არა რუსეთის სასარგებლოდ.

შედეგები და საფრთხე

ომის შედეგების გათვლა ასე შეიძლება შეჯამდეს: რუსეთმა მოიგო სამხედრო, მაგრამ წააგო პილიტიკური თვალსაზრისით. საქართველომ წააგო სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ არ წაუგია პოლიტიკურად.

შეერთებული შტატების რეპუტაციას ჩრდილი მიადგა, რადგან მან ვერ შესძლო თავისი მეგობრის (თუ გინდათ, კლიენტის, როგორც ზოგიერთი იტყოდა) დაცვა და "გადატვირთვის" შემდეგ ამ ნდობის აღდგენა სჭირდება.

ევროპის კავშირმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავის ჩვეული გახლეჩილობა და ის, რომ არ შეუძლია გადამწყვეტი და თანმიმდევრული მოქმედება, მაგრამ, ამავე დროს ის რეგიონში მიმდინარე პროცესებში უფრო ჩაერთო.

თურქეთმა იმის შესაძლებობა დაინახა, რომ რეგიონში თავისი როლი გააძლიეროს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ხელშესახებს ვერ მიაღწია.

ომის ეფექტი, თუ სტატიის დასაწყისს გავაძლიერებთ, უფრო ნაკლებად მდგომარეობს იმაში, რომ რეგიონში საერთო სურათი შეიცვალა (ცალკე დავტოვოთ ზეგავლენა ტერიტორიებსა და ადამიანებზე), არამედ უფრო იმაში, რომ რაელობის განსხვავებული აღქმა ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც ამ რელობას თვალი გავსუწორეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შედეგმა დაადასტურა ის, რასაც ბევრი მხოლოდ ეჭვობდა: რუსეთი რევიზიონისტული სახელმწიფოა, ისეთი, რომელიც ნატოსა და ევროპის კავშირს თავის მტრად მიიჩნევს და იმის იმედით, რომ დასავლეთი ასეთ გამოწვევას ადეკვატურად არ უპასუხებს, შეუძლია სახიფათოდ, საერთაშორისო წესრიგის დარღვევით იმოქმედოს (ივან კრასტევი "რუსეთ-საქართველოს ომი: დიდი სახელმწიფოს მახე", 19 აგვისტო, 2008).

მაგრამ ამ რეალობის გაცნობიერებას გარკვეულწილად წინააღმდეგობა ხვდება. შესაძლოა იმიტომ, რომ ეს ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებდა. ეს ორაზროვნება ომისა და მისი შედეგების შესაფესაბაში იმას გულისხმობს, რომ, როგორც ეს ზემოთ პირველ აბზაცში ითქვა, ახალი ომის საფრთხე კიდევ არსებობს.

მაგრამ არსებობს სულ ცოტა ორი მიზეზი იმისაც, თუ რატომ არ უნდა მოხდეს ასე. რუსეთს ალბათ აღარ ექნება იმ ტიპის საბაბი, როგორიც მან 2008 წლის აგვისტოში გამოიყენა; ნაწილობრივ იმიტომ, რომ რეგიონში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია ოპერირებს(EUMM), ეს კი პრევენციის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტუტუტია (წლისთავის მოახლოებასთან ერთად მისიამ უარყო მოსკოვის განცხადებები საქართველოს ჯარის კონცენტრაციის შესახებ). გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი თავის სამხედრო ძლევამოსილებას ქართული არმიის დასამარცხებლად გამოიყენებს და დადასტურდება მისი ის ვარაუდი, რომლის თანახმადაც დასავლეთი საქათველოს დასახმარებლად არ მოვა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილება რუსეთს იმის გარანტიას ვერ მისცემს, რომ პოლიტიკური შედეგები უფრო მსუბუქი იქნება.

სწორედ ეს მოსაზრებები აფიქრებინებს, ანალიტიკოსების უმრავლესობას, რომ ახალი რუსული თავდასხმა ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა ამის ბოლომდე გამორიცხვაც არ შეიძლება. საქართველოს იმის ეშინია, რომ რუსეთი მუქარით მის შანტაჟს განაგრძობს და მისი დესტაბილიზების ყველა შანსს გამოიყენებს. ეს საფრთხე ნამდვილად რჩება და შესაძლოა რუსეთი სამართლიანად ვარაუდობს, რომ ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა შეუძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა შეაფასოს რაშია მოწყვლადი და ყველა საშუალების გამოყენებით დაიცვას თავი.

გრძელვადიან პერსპექტივაში, კონფლიქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადაწყდეს, თუ რუსეთი აღიარებს საქართველოს ფაქტობრივ სუვერენიტეტს (მათ შორის სასურველი მეგობრების გაჩენის უფლებასაც), ან იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთის სატელიტის სტატუსს დაეთანხმება. იმის ნიშანი, რომ რომელიმე ამ გამოსავალთაგანი ჰორიზონტზე მოსჩანს, არ არსებობს. ამიტომ კონფლიქტი გრძელდება."

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 902 | დაამატა: iTV | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
მომეწონა და ვეთანხმები smile

სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright iTVCompany© 2026





Designed and Programmed by © iTVCompany

Main   Advertise   Contact   Register